წიგნი

ციგრიტი

წიგნში აღწერილია 21-ე საუკუნის დაავადება, რომლის გამომწვევი მიზეზები და საიდუმლო გამოსავალიც მხოლოდ ავტორმა იცის. თვითდამკვიდრების რთულ გზაზე პერსონაჟები უცნაურად იქცევიან. ამ ქცევების უკან კი ე.წ. დაავადებებია, რომელთაც ავტორმა შესაბამისი სახელები მოუძებნა. საშიში დაავადება ციგრიტი სწრაფად პროგრესირდება. ციგრიტის ვაქცინა “ციგრიტის” წაკითხვაა.

სასწრაფოდ გაიკეთეთ აცრა!

წიგნის ცალკე წიგნად გამოცემა დაკავშირებულია საქველმოქმედო მიზნებთან.

პერსონალურ მადლობას ვუხდი ბატონ რაულ კახაძეს, ვინაიდან მისი დამსახურებით გახდა “ციგრიტის” აცრის ვაქცინა უფრო ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.

წიგნის შეძენა შესაძლებელია “ბიბლუსის” ქსელში და “წიგნები ბათუმში”.

 

წინასიტყვა 

  გიორგი კეკელიძე – მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. 

  მე თუ მკითხავთ, დღეს ზღაპრების ერა უფროა, ისეთი, მინარევი რეალობის. აი, სიურეალიზმს რომ ეძახიან.

     თამარ ნიკურაძე გარდა იმისა, რომ დროს გრძნობს, წერის გამორჩეული კულტურითაცაა დაჯილდოებული. ეს უნარი დღეს იშვიათი ხილია და მხოლოდ ნიჭს არა – შრომასაც მოითხოვს. ამას მივუმატოთ ნაწარმოების სიუჟეტის აგების ხერხებში გაწაფულობა და თამამად ვიტყვით: თამარი ახალი თაობის საინტერესო მწერალია, „ციგრიტი“ კი ბოლო დროს გამოსულ ტექსტთაგან ერთ-ერთი საყურადღებო ნაწარმოები.

    წიგნში მოქმედება ჩვენს დროში ვითარდება. პერსონაჯებიც ჩვეულებრივი, თანამედროვე ბებიები და დედიკოები არიან, არც არაჩვეულებრივი გმირების ნაკლებობაა. მაგალითად: გვიანიკა და წუწური. მათი თავგადასავალი ჯადოსნურ ყოფიერებასა და ბიუროკრატიულ, სამუშაო გასაუბრებებს შორის მერყეობს, ისევე როგორც ყველა ჩვენგანის, უბრალოდ, ჩვენ ამ ყოფის ჯადოსნურ ნაწილს არ ან ვერ ვამჩნევთ. ცხოვრების ყველა ტრაგიკული პასაჟიც, ალბათ, ესაა, მისი ზღაპრულობის დაუნახაობა – არავის გვყოფნის ამისთვის დრო. ამიტომაც ისეთი წიგნები, როგორიც „ციგრიტია“, შანსს გვაძლევს ის წამი შევაჩეროთ, რომელიც შევამჩნიეთ და ვერ გავაცნობიერეთ (როგორც ეს საბჭოთა ანიმაციაშია – „ზღარბი ნისლში“) ან კიდევ – ისე ჩაიარა, რაღაც საბუთებს ვავსებდით და ვერ გავიგეთ.

    ტოპონიმიკაც მოულოდნელია. მაგალითად: სიმონეთი ყველამ ვიცით. მაგრამ ის, რაც იქ ხდება, არავის წარმოგვიდგენია. შესაბამისად, რომელიმე ფენტეზის მწერალი მას რამე ახლართულ სახელს მოუფიქრებდა. მაგრამ თამარი ცოტა პროვოკაციულ გზას დაადგა და გაიარა კიდეც.

    ცალკე აღნიშვნის ღირსია ექიმისა და ექთნის დიალოგის სცენაზე აგებული თავი. აქ უკვე ნამდვილი, ჩამოყალიბებული მწერალი გვესაუბრება და ციგრიტის აცრისთვის გვამზადებს.

    „ციგრიტი“ არ გაგიგიათ? აი, ამისთვის კი ნამდვილად წიგნის გადაფურცვლაა საჭირო. მე აღარ დაგეხმარებით, უბრალოდ დავადასტურებ: წინ კითხვის დიდი სიამოვნება გელით. ბიჭიკო პროფესორიშვილთან ერთად, რა თქმა უნდა.

 

                                                    

 

რეცენზენტი ნანა ცეცხლაძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქართული ენის ფილოლოგი

                თამარ ნიკურაძის ,,ციგრიტი“ ცხოვრებისეული პრობლემების გააზრებით, ორიგინალური მხატვრული ხერხებითა და სიტყვაწარმოების უკიდეგანო შესაძლებლობებით გემოვნებიანი მკითხველისთვის შექმნილი თანამედროვეობის იშვიათი წიგნია. ის გვიჩვენებს, როგორი უნდა იყოს  სტილი, შინაარსი ღრმა, ფორმა- ლაპიდარული, ლაკონიური, თანამედროვეობას მორგებული და, რაც მთავარია, ორიგინალური.  წიგნის წაკითხვისას ხშირად გვახსენდება ბუფონის სიტყვები: სტილი თითონ ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი თავისთავს მწერალს არ უწოდებს, ეს ნაწარმოები მას ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს.  რა თქმა უნდა, წიგნი შემოქმედებითი წვის შედეგიცაა, მაგრამ ვფიქრობთ, უპირველესად ეს თვითნაბადი ნიჭია, რომელიც დედაბუნებამ ავტორს სხვა უამრავ ნიჭს შორის დაანათლა.

              ავტორი ისედაც დატვირთულ მკითხველს დიდ დროს არ ართმევს, სამაგიეროდ კი ის  ,,ციგრიტაცრილი“ იქნება. ,,ციგრიტი“ სარკეა, რომელიც ავტორმა მკითხველს დაუდგა, ოღონდ ისეთი არა, მხოლოდ იმას რომ ამოწმებს, რამდენად ესთეტიკურად გამოიყურება ადამიანი სახლიდან გასვლის წინ. წიგნი მას საკუთარ სულიერ სამყაროში ახედებს და დააფიქრებს: ბზიკვინტი სჭირს თუ ჭუჭყრეტი, კრუნტვები თუ სკამხიბლი. ვაი, რომ შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე აწუხებდეს, მაგრამ თავს არხეინად გრძნობდეს  (ვიდრე ,,ციგრიტს“ წაიკითხავს), რადგან ადამიანი, ჩვენეული დაკვირვებით, თავის ყველაზე დიდ ნაკლს კი ვერ ამჩნევს, პირიქით, ბედნიერად განაგრძობს მასთან თანაცხოვრებას, მის გარეშე გაძლება არ შეუძლია.

           მომრავლდნენ ჩვენ ირგვლივ ,,დედების, დეიდების და ბებიების ზედმეტი სიყვარულით გადაღლილი ყმაწვილები,“ ქალიშვილები მხოლოდ სერტიფიცირებულ ქმრებს ეძებენ, მომრავლდნენ ადამიანები, რომელთაც საკუთარი ტყუილისაც სჯერათ, ქვეყანას უმუშევრობა აწუხებს, ზოგი დასაქმებული კიდევ ახალ სამსახურს იმატებს.  კონკურსში მათ ადგილს უთმობს ის, ვისაც არცერთი სამსახური არ აქვს; ბევრი ოჯახი ინგრევა ,,უჭუჭყინობით“.

           ნაწარმოებში ყველა  საჭირბოროტო საკითხი ირონიით და სარკაზმითაა გადმოცემული:

-კი, მაგრამ დაჭეჭყილი ბოთლი  რა დასადგმელია? ვერ გამიგია, როცა ერთჯერადი დაკუჭული ბოთლები არსებობს, ან თუნდაც სიმინდის შიშველი ტარო უფრო მიმზიდველი იქნება.

      -მე პირადად მზესუმზირის ნაფცქვენს დავდგამდი.“

         ქვეყნად უამრავი საკითხია  გადაუჭრელი, ამიტომაც სინატრულას ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა  სიმდიდრის ქანდაკებაა, მდიდრები ყურადღების ღირსადაც არ თვლიან მას, ღარიბები კი დღედაღამ   მასზე ლოცულობენ.  წიგნი გვასწავლის, რომ ყველა ადამიანი თავისი ცხოვრების მესაჭეა და თუ როგორ იცხოვრებს, მასზეა  დამოკიდებული.

            ნაწარმოები ყურადღებას იქცევს მოლაპარაკე გვარებითა და საკუთარი სახელებით: გვიანიკა, წუწური,  ნევრიკი, ბურღუნა, ნემსელი, კამათა, მაყუსი, სიცო, ცხლე, ასევე წყვილეთი, ირგვლივეთი, წყვილეთი, სინატრულა, ოცნისი,  და ა.შ. საინტერესო სახელებია: სკამათალი, ა-მოკალი და ა.შ.

       ორიგინალურია ფაკულტეტების და სპეციალობების, დაწესებულებების  დასახელებიც:  ჰობის აჟღერების სპეციალობა, გრძნობების მართვის, ტვინის ბურღვის ან იშვიათი იდეების წარმოქმნისათვის ხელშეწყობის  ფაკულტეტები, ფულის გათეთრების სამინისტრო და ა.შ. ერთ-ერთი პერსონაჟი მშვიდო ჩაგვრია ერისტიკული კავშირის გენერალური დირექტორია და რამდენიმე საინტერესო პროექტის ხორცს ატყავებს.

             ავტორი ქმნის უამრავ ახალ სიტყვას: გვხვდება ოკაზიური კომპოზიტები: სულსაცმელი, შფოთადიდებული, დიპლომაცდენილი, ყურსმენაგამაწვრილებელი ჯიბეგასიებული,…

      წარმოქმნილი  სახელები: პუპულგანთქმულობა, მინდალიზმი, მტრედობა.

ზმნები: კმარეყოფა, განუზრუნჭვრეტია, მოკომფორტკალათებულა, იცდნერვიულობდნენ, ნერვიგულობდა, ამოშიმშილხდომოდა, აეკვალდაკვალა, გაუხელწოდა, წაესაჭმელ-სასმელზედმეტა, ეთვალხუჭება.

    ამ სიტყვების წაკითხვისას უნებლიეთ გვახსენდება გურამ დოჩანაშვილის მხატვრული ენის თავისებურება- ერთ ცნებაში ჩაატიოს მთელი ფრაზა: გულსულშიგანშემატკივარი, თეთრშარვალშემოტკეცილი,დაუმთავრებელ-ვარსკვლავ-ტატუირებული, უცნაურმზერა-დაბინდული,  ნესტოებდიდადდაცქვეტილი, ხავსლამაზადმოდებული, ბოლოყლუპმაინცნაპატიები…

       გვხვდება მიჩნევის ვნებითთა ოკაზიური ფორმებიც: მესაინტერესოვა, ესუფთსახლებოდა, ეტოტება, ეტანსაცმელრეცხებოდა…

          ავტორი კვეცს ფრაზებს  და ახალ სიტყვებს წარმოქმნის.

       შთამბეჭდავია წიგნის მხატვრული სამყაროც: მხატვრულად, მეტაფორებით და პერიფრაზებით გადმოგვცემს  მოქმედებას: დაკითხვის რენტგენში გატარება, სიტუაციისთვის გაურკვევლობის ფარდის ახდა, განცხრომის მტევნებში ნებივრობა, ქონების საჭესთან მოხვედრა, დიდი ეჭვიანობის ზღვაში გადაშვება.

        დაუვიწყარია  ,,ციგრიტისეული“ მეტაფორები  და  მხატვრული  ხერხები: კომბალივით გათლილი არგუმენტი, განცხრომის მტევნებში ნებივრობა, მოთმინების სათაგურში შეტყუება, ენის სამეტყველო ყუთში ჩაკეტვა, პრობლემური ფიქრებით დაორსულებული გამოსავალს ვერა და  ვერ მშობიარობდა… 

             ავტორი  მოხდენილად იყენებს  ანტითეზასაც: სულით რომანტიკოსი და გულით  შინაბერა, ხორცით  ოთხმოცი  და სულით ოცი.

           თ. ნიკურაძე უცხოურ ტერმინებს და ნასესხებ სიტყვებს თითქმის არ იყენებს. ვაკანსიის ნაცვლად სიცარიელე გვაქვს, CV-ს ნაცვლად- ბიო, დიალოგის ნაცვლად- ორთალოგი, პოლილოგისა- სამთალოგი, ნარკოზისა- ძილოზი და ა.შ.

            ეს მწერლის შეგნებული დამოკიდებულებაა მშობლიური ენისადმი, მისი გადარჩენის მექანიზმია  გლობალიზაციის ეპოქაში.

          ამრიგად, ,,ციგრიტი“ ცხოვრებისეული მოვლენების საჭირბოროტო საკითხების, თანამედროვე ადამიანის მისწრაფებებისა და მანკიერებების გასააზრებლად დაწერილი ორიგინალური ნაწარმოებია, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა წაიკითხოს. მწერალმა იცის საკუთარი დიაგნოზი, ჩვენც ციგრიტაცრილი გახლავართ, აიცერით თქვენც და თავიდან აიცილეთ ეს  ვერაგი დაავადება- ციგრიტი!

   




Tamar Nikuradze 2018